სისატიკით მდედრობითი სქესი არაფრით რომ არ ჩამოუვარდება მათ "კოლეგა" მამაკაცებს, ამაზე არაერთი ფაქტი მეტყველებს. ქალების მიერ ჩადენილ მკვლელობებს, ერთი მიზეზი არ აქვთ და, როგორც თავად ხსნიან, დანაშაულის მაპროვოცირებელი ყოველთვის მათი მსხვერპლია. ამჯერად გაგახსენებთ საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მომხდარ სისასტიკით გამორჩეულ მკვლელობებს, რომელთა ავტორებიც ე.წ. ''სიკვდილის ანგელოზები'' არიან.
ცოლმა ქმარს დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა
2011 წელს, სამი შვილის დედას, 36 წლის ნ. ფ-ს, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დასდეს ბრალი, მაგრამ, საქმის არსებითი განხილვის შემდეგ, კვალიფიკაცია შეეცვალა. სასამართლომ ჩათვალა, რომ მკვლელობის მომენტში ქალი სულიერი აღელვების მდგომარეობაში იყო, რაც ქმრის პროვოცირებით იყო გამოწვეული და 20 წლის ნაცვლად, საბოლოოდ სულ რაღაც ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ქალი და მისი მეუღლეც მეორე ქორწინებაში იმყოფებოდნენ და, როგორც ამბობენ, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა რ. ქ.-მ ბოლო პერიოდში სმა დაიწყო, ცოლს მუდმივად ეჩხუბებოდა და მოკვლით ემუქრებოდა. 25 მარტს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე ქმარი სახლში მთვრალი დაბრუნდა. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, თავდაპირველად უკმაყოფილება ცოლის მიერ მომზადებულ სადილზე გამოთქვა. არ მოეწონა, რომ ნ-ს უფროსი შვილი ტელეფონის ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა და ბავშვს ტელეფონი გამოჰგლიჯა. ამის გამო ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი მოხდა. შემდეგ კი, ქმარი საწოლზე დაჯდა და ცოლს ყველა მის მიეს ნაჩუქარი ოქროს სამკაულის მიტანა უბრძანა. ცოლმა არა მხოლოდ მის მიერ მიცემული, არამედ საკუთარი ოქროულობაც მიუტანა, მაგრამ რ. ქ. ედავებოდა, რომ სამკაულებს დედამისის ნაქონი ერთი ბეჭედი აკლდა. ამასთან, ოქრო წონაში ცოტა იყო და ა.შ.
ცოლ-ქმრის ჩხუბი მალე მწვავე კონფლიქტში გადაიზარდა, ქმარმა ჯერ ღუმელთან დაგდებული ძელი, მერე კი დანა აიღო და ცოლს მოკვლით დაემუქრა. მსგავს ძალადობასა და შეურაცხყოფას ცოლი მეუღლისგან თითქმის ყოველდღე იტანდა, მაგრამ ამჯერად მდგომარეობიდან გამოვიდა და ქმარს ჯერ ძელით, შემდეგ კი დანით, სხეულზე რამდენიმე დაზიანება მიაყენა... ჭრილობების შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარის გამო სისხლის სამართლის საქმე თავიდან სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. თავად ნ. ფ. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობდა, მაგრამ ქმრის განზრახ მკვლელობას უარყოფდა. ირწმუნებოდა, რომ მკვლელობა სპონტანურად მოხდა.
ქალმა ქმარი მედიკამენტებით გააბრუა, შემდეგ კი ჩამოახრჩო
2011 წელს, მარნეულში საკუთარი ქმრის მკვლელი ფ. ა. და მისი თანამზრახველი ე. გ. დააკავეს, მათ გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცეს. ბრალდებულმა სცადა დანაშაული თვითმკვლელობის იმიტაციით დაეფარა. ფ. ა-მ მეუღლეს დიდი ოდენობით სამედიცინო მედიკამენტები მიაღებინა, დააძინა და უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი მეუღლემ და მისმა საყვარელმა ე. გ-მ გადაიყვანეს სახლის უკან მდებარე პირუტყვის სადგომში, სადაც თოკის გამოყენებით ჩამოახრჩვეს.
22 წლის გოგომ ქმარი საწოლში მოკლა
2011 წელს, ქარელის რაიონის სოფელ დირბში ცოლმა ქმარი მოკლა. 22 წლის ნ. ხ-მ საკუთარ მეუღლეს, მ. ც-ს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ცოლმა ქმარს დანა საწოლში წოლის დროს დაარტყა, რამდენიმე საათში კი მეზობლებს დაუძახა და თქვა, რომ მისმა მეუღლემ დანა თავისით დაირტყა. 36 წლის მამაკაცს ერთი
ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, მ. ც-სთან მისი შვილები მივიდნენ, რომლებიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ოჯახში უთანხმოება სწორედ მათი მოსვლის შემდეგ დაიწყო. თუ რა გახდა კონკრეტულად მკვლელობის მიზეზი უცნობია. ნ. ხ-მ ჩადენილი დანაშაული აღიარა.
პენსიონერმა ქალმა ქმრის ცხედარი ნაჯახით აკუწა და მდინარეში გადაყარა
2010 წლის 8 მაისს ჭიათურაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. 62 წლის ქალნა გარდაცვლილი მეუღლის ცხედარი ნაჯახით აკუწა და მდინარე ყვირილაში გადაყარა. მოხუცს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, მაგრამ ქალი შეურაცხადი არ აღმოჩნდა(!). რ.ბ. მეუღლესთან, ბ. ს-თან ერთად ჭიათურაში ცხოვრობდა. 2010 წლის 8 მაისს 82 წლის კაცი შინ დაბრუნებულ მეუღლეს გარდაცვლილი დახვდა.
იმის გამო, რომ დასაკრძალავი თანხა არ გააჩნდა და ამასთან, უნდოდა, ქმრის პენსია კვლავ აეღო (რაც მისი გარდაცვალებისთანავე ავტომატურად შეწყდებოდა), განიზრახა, დაემალა მეუღლის გარდაცვალება და ნაჯახით დაანაწევრა გვამი, - ნაწილი მდინარე ყვირილაში გადაყარა, ნაწილს კი აივანზე პლასტმასის ჭურჭელში ინახავდა. ექსპერტიზის დასკვნით, ქალის სახლში ნაპოვნი სხეულის ნაწილი მამრობითი სქესის ადამიანს ეკუთვნოდა, მისი ასაკისა და სიკვდილის მიზეზის დადგენა კი უკვე შეუძლებელი იყო. მოხუცს ბრალი დაედო მიცვალებულის უპატივცემულობაში და რადგან ეს მსუბუქ დანაშაულთა კატეგორიაში გადის (მხოლოდ ერთწლიან სასჯელს ითვალისწინებს), ქალი არ დაუპატიმრებიათ, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10.000 ლარის გადახდა დააკისრა.
ქალმა საყვარლის გვამი დაწვა
ერთი თვის წინ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში 50 წლამდე ასაკის ქალმა მამაკაცის გვამი დაწვა. შემთხვევა სოფელ შულავერში, ყოფილი შალის ქარხნის კორპუსში მოხდა. როგორც სოფელ შულავერის რწმუნებულმა ვ. ხ-მ განაცხადა, მამაკაცი დმანისის რაიონიდან სტუმრად იყო შულავერში ქალთან ჩასული და მის სახლში ინფარქტით გარდაიცვალა. მისივე თქმით, მამაკაცის გარდაცვალების დაფარვის მიზნით ქალმა, დაახლოებით ღამის ორი საათისათვის ცხედარი სახლიდან გარეთ გაიტანა და ეზოში ცეცხლი წაუკიდა. ეჭვმიტანილი ქალი დაკავებულია, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
მეორე ცოლის მკვლელი ქმარი, მესამე ცოლმა ნაჯახით დაჩეხა
52 წლის კაცი, რომელმაც ცოლის მკვლელობისთვის 9 წელი პატიმრობა მოიხადა, თავად მესამე ცოლის მსხვერპლი აღმოჩნდა. ამის გამო 42 წლის ე. ს-ს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა. მოკლედ, ცოლ-ქმარი ორივე მკვლელი აღმოჩნდა, მაგრამ იმ განსხვავებით რომ თავის დროზე ქმარმა ცოლის მკვლელობა აღიარა, ქალბატონმა ე-მ კი თურმე ქმარი მისივე თხოვნით მოკლა. 42 წლის ე. ს-მ დანაშაული ნასვამ მდგომარეობაში ჩაიდინა – ავადმყოფი მეუღლე, ნაჯახით დაჩეხა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება იშვიათობა არ ყოფილა. მეზობლები ამბობენ, რომ მათი სახლიდან ჩხუბის ხმა ხშირად ისმოდა. მიზეზი კი, ძირითადად, ქალის ლოთობა იყო. ქალი ტიპური ალკოჰოლიკი გახდა, რაც ტუბერკულოზით დაავადებული მეუღლის, რისხვას იწვევდა, მაგრამ ცოლმა ქმარს სამაგიერო გადაუხადა – ნაჯახით დაჩეხა.
უმწეო მდგომარეობის მიუხედავად, ცოლი ქმარს მუდმივად სცემდა და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა. იმ საბედისწერო დღესაც ქალმა ჩვეულებისამებრ, არაყი შეიძინა და სახლში დალევა დაიწყო. ლოგინად ჩავარდნილმა ქმარმა კატეგორიულად მოსთხოვა, სმა შეეწყვიტა, თუმცა უშედეგოდ. ქალმა არაყი ბოლომდე რომ დაცალა, მეუღლის თავიდან მოცილება განიზრახა. სახლის სარდაფში ნაჯახი აიღო და უმწეო ქმარს რამდენჯერმე თავის არეში ჩაარტყა. მომხდარის შემდეგ კი სისხლი მოწმინდა, სახლი მიალაგა, ცხედარს რამდენიმე საბანი გადააფარა და შემთხვევის ადგილი დატოვა.
ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა მეორე დღესვე დააკავეს. მან დანაშაული აღიარა, თუმცა ჩადენილი ქმედება ბრალდებულმა ევთანაზიით ახსნა. როგორც სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, მკვლელობა მეუღლის თხოვნით ჩაიდინა, რათა ავადმყოფური ტანჯვისგან გაეთავისუფლებინა. სასამართლოს წინაშე განსასჯელი ცდილობდა, მისთვის კვალიფიკაცია შეეცვალათ, თუმცა უშედეგოდ. იგი დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დედამ საკუთარი შვილი სიცოცხლეს გამოასალმა
2012 წელს მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში საშინელი მკვლელობა მოხდა - დედამ 5 წლის ბიჭუნა ისე სასტიკად სცემა, რომ ბავშვი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ დედამ 5 წლის ბავშვი საშინლად სცემა, მერე კი თავში შეშის დიდი ნაჭერი ჩაარტყა. მეზობლები ამბობენ, რომ ბავშვს შუბლის არე და სახე საშინლად ჰქონდა დამახინჯებული. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ შვილი შემოაკვდა, ქალმა მეზობლის სახლიდან ტელეფონის საშუალებით მომხდარის შესახებ ქმარს შეატყობინა. მეზობლები ამბობენ, რომ დედა ბავშვს ხშირად სცემდა. მეტიც, ისინი ამტკიცებენ, რომ სამი შვილიდან დედა სწორედ 5 წლის ბიჭს ექცეოდა ყველაზე სასტიკად.
"ხანდახან მიფიქრია კიდეც, ნუთუ ეს ბავშვი მისი არ არის–მეთქი, ისე მაგრად სცემდა", – ამბობს მეზობელი ქალი, – "არ ვიცი, დედა ასე სასტიკად როგორ უნდა მოექცეს თავის გაჩენილ შვილს, ეს დედა კი არა, სადისტი იყო. ბავშვს შუბლზე და სახეზე ძვლები აქვს ჩამტვრეული, არცერთი კბილი არა აქვს ბავშვს დარჩენილი, ასეთი ცემა ვის გაუგია, ეს მკვლელობაა". მკვლელი ქალის ოჯახში სულ სამი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება. ერთ–ერთი მათგანი მეტყველებისა და სმენის უნარდაკარგულია. როგორც მეზობლები ამბობენ, ბავშვის ეს ნაკლი თანდაყოლილი არ არის და ის სწორედ დედისგან ხშირად და სასტიკად ცემის გამო გახდა ყრუ–მუნჯი.
|